რა თქმა უნდა, ჯობს, ნიკო ფიროსმანით დავიწყოთ:
ვაჟა ფშაველაზე ორი წლით ადრე დაიბადა (1862 წელს), სამი წლით გვიან გარდაიცვალა (1918 წელს). ეს არის მხატვარი, არავის რომ არ ჰგავს საკუთარი თავის მეტს და არც არავინ ჰგავს _ ვერც ვ ერავინ დაემგვანება, იმდენად უშუალოა, ინდივიდუალური, თავისთავადი. ის ჰგავს საქართველოს, ქართველ ხალხს და... თუ მაინც მსგავსება გვაინტერესებს _ ვაჟა-ფშაველას. ვაჟა-ფშაველაც ასეა _ თუკი ვინმეს ჰგავს, ნიკო ფიროსმანს...
გავისხენოთ ნიკო ფიროსმანის შვლები, ირმები, ჟირაფი... მათ ხომ ადამიანის თვალები აქვთ, ადამიანის განცდები და გრძნობები. ვაჟა-ფშაველაც სწორედ ასე ხედავს ბუნების შვილებს _ Qქუჩს, იას, პირიმზეს ხმელ წიფელს და... საბრალო შვლის ნუკრს... ცხოველებს ფრინველებს.
ნიკო ფიროსმანაშვილი ქიზიყში დაიბადა, სოფელ მირზაანში. მშობლები ადრე გარდაეცვალა. ერთხელ თავის მეზობლებს თელეთობაზე გაჰყვა და სამუდამოდ თბილისში დარჩა. ბავშვობაში წლების მანძილზე ხელზე ემსახურებოდა მიკიტნებს, მედუქნეებს, ვაჭრებს.
მხაყვარმა მასში ადრეული ასაკიდან გაიღვიძა, ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა, რაც მთავარია, რასაც ხედავდა იმახსოვრებდა. ბავშვობაში ნანახი სურათებია მისი შედევრები _`რთველი”, `ქორწილი კახეთში”, `თალარი”, `ლხინი რთვლობას”, `წყაროდან მომავალი ქალი ბავშვებით” და სხვა.
მთელი სიცოცხლე ფიროსმანმა თავის შთაგონებას შეალია. არც თავშესაფარზე უზრუნია, არც ოჯახზე... ხატავდა ჭიქა არაყზე და ერთი თეფში სადილი ჰყოფნიდა. ასე იცხოვრა. მარტოსული იყო, თუმც, ყველას უყვარდა. ძველი თბილისის უბნებში დუქნები და სამიკიტნოები მისი მოხატული იყო.
ფიროსმანი, როგორც მხატვარი, ძმებმა კირილ (მხატვარმა) და ილია (პოეტმა) ზდანევიჩებმა და ფრანგმა მხატვარმა მიშელ ლე დადნეტიუმ (მათთან სტუმრად ჩამოსულმა) აღმოაჩინეს. ძველ უბნებში ხეტიალისას (სტუმერა დაატარებდნენ ქალაქში) დუქანში სასაუზმოდ შესულები მოულოდნელად ფიროსმანის `ჟირაფსა” და სხვა სურათებს წააწყდნენ. იმ დღიდან დაიწყო ფიროსმანის გაცნობა სამყარომ. მერე ბევრი რამ გააკეთეს ფიროსმანის პოპულარიზაციისთვის მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ, `ცისფერყანწელმა პოეტებმა” (ტიციან ტაბიძემ, გიორგი ლეონიძემ) და სხვებმა.
ფიროსმანის სურათები დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში _ მუზეუმებშიც და კერძო კოლექციებშიც.
ფიროსმანის ხატვის მანერა მარტივია, მაგრამ სწორედ ეს სიმარტივეა ღვთაებრივი. ხატავდა მუშამბაზე, საკუთარი ხელით მომზადებული საღებავებით... და რაც დრო გადის, მისი სურათები მით უფრო იზიდავს თვალსა და გულს. ის, როგორც მხატვარი, დღესაც იზრდება...
ჩვენი დროის საინტერესო მხატვარმა _ თემო ჯაფარიძემ მომცრო წიგნი დაწერა ნიკო ფიროსმანზე. ამ წიგნში ის საინტერესოდ საუბრობს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს როგორ გაიზარდა პარიზისა და პარიზელი მხატვრების (იმპრესიონისტების და პოსტიმპრესიონისტების _ სეზანი, ვან-გოგი, გოგენი, ლოტრეკი) გავლენა მსოფლიო მხატვრულ აზროვნებაზე, როგორ დაიძრა მხატვართა დიდი არმია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან პარიზისკენ, რადგან ცპფიქრობდნენ, რომ პარიზის გარეშე ვერცერთი მხატვარი ღირებულს ვერაფერს შექმნიდა.
ბოლოს კი თემო ჯაფარიძე წერს:
`... მაგრამ აი, პარიზიდან დაშორებით, იმავე ხანებში, საქართველოში, სადაც მხატვრული ატმოსფერო მეტად ღარიბი იყო, გამოჩნდა უმაღლესი გენია _ ნიკო ფიროსმანის სახით. იგი აბსოლუტურად მარტო, მეცენატების გარეშე, სიღატაკეში და უსახლკარობაში ქმნის ისეთ მხატვრულ დონეს, რომლის მიღწევა მხოლოდ პარიზში შეიძლებოდა. ფიროსმანის შემოქმედების მაღიარებელთ მიაჩნიათ, რომ ფიროსმანი უნდა დავაყენოთ ახალი მხატვრული ეპოქის (სეზანიდან დღემდე) უდიდესი მხატვრების _ სეზანის, ვან-გოგის, ლოტრეკის, მატისის, მოდილიანის გვერდით...”
სეზანის ნატურმორტებსა და პეიზაჟებში, პორტრეტებსა და კომპოზიციებში მუსიკა ისმის,დახვეწილი, იმდროინდელი ევროპული მუსიკა.
ფიროსმანის სურათებს, მთელ მის შემოქმედებას, ერთი ჰანგით შევიგრძნობთ _ ეს არის არა ნაკლებ დახვეწილი ქართული `მრავალჟამიერი”, მაგრამ ამ `მრავალჟამიერს” იმდენი წახნაგი აქვს, მთლიანობით ადამიანს ეყოფა დასაპურებლად...
ნიკო ფიროსმანი თითქოს ღმერთმა ციდან მოგვივლინა, მაგრამ ხელოვნებათმცოდნენი წერენ, რომ მის მხატვრობას ტრადიციული ფრესკული მხატვრობა ასაზრდოებდა.
ახალ ქართულ მხატვრობას ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელნი და მისი ბრწყინვალე წარმომადგენელნი იწყებენ: გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე მრევლიშვილი, მოსე თოიძე, იაკობ ნიკოლაძე და სხვები ისინი სინამდვილის მხატვრები იყვნენ, აინტერესებდათ ადამიანი და მისი ინდივიდუალური თვისებები, ცოცხალი ბუნება და მისი სილამაზე. მათი შემოქმედება რუსული რეალისტური მხატვრობის სკოლასთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა, რუსული რეალისტური ხელოვნების გავლენაც განიცადეს, მაგრამ ქართველ სამოციანელთა (ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგრბაშვილი...) იდეები მათთვის, მაინც უპირველესი იყო, ამიტომ მხატვრობის რეალისტური სტილი მათ თავისი ხალხისა და მშობლიური ბუნების ამსახველი ხელოვნების შექმნისათვის გამოიყენეს.
გიგო გაბაშვილი (1862-1936)
დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, და კერძო სამხატვრო სკოლა. ხელმოკლეობის გამო მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ მოახერხა პეტერბურგს გამგზავრება და სამხატვრო აკადემიაში შესვლა. მერე კი მიუნხენის სამხატვრო აკადემიაც დაამთავრა. იმოგზაურა იტალიასა და საბერძნეთში _ გაეცნო მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.
ცნობილია გიგო გაბაშვილის შესანიშნავი რეალისტური პორტრეტები _ `სამი მოქალაქე”, `მთვრალი ხევსური”, `მოლა”, `მთვლემარე ხევსური”. ამ პორტრეტებით მან ქართულ რეალისტურ მხატვრობაში თავიდანვე ეროვნული თემატიკა დაამკვიდრა, ამავე დროს გიგო გაბაშვილის ეს სურათები `ფერწერული ღირსებებით ამ ჟანრის მსოფლიო ნაწარმოებთა სიმაღლეზე დგას” (აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი)... `გიგო გაბაშვილის უმდიდრესმა მემკვიდრეობამ ქართულ სახვით ხელოვნებაში ისეთივე დიდი როლი შეასრულა, როგორც ზაქარის ფალიაშვილის შემოქმედებამ ქართულ მუსიკაში და იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებამ ქანდაკებაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გიგო გაბაშვილის დანატოვარი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის პორტრეტები, რომლებიც დიდხანს ამშვენებდა ქართველ მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზს.
გიგო გაბაშვილმა დაგვიტოვა მშვენიერი ძალზე საინტერესო ავტოპორტრეტიც.
ალექსანდრე მრევლიშვილი (1866-1933)
დაიბადა მცხეთაში. მცხეთის მხატვრულმა სიძველეებმა (ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავროს ტაძარი...) მხატვრული მიდრეკილებები სიყრმიდანვე გაუღვიძა, მაგრამ შემოქმედებაში სინამდვილისადმი ერთგული დსარჩა, დარჩა თავისი დროის სოფლის დუხჭირი ცხოვრების ამსახველ მხატვრად, რეალისტ მხატვრად ჩამოყალიბდა.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ სიღარიბემ ეს სასწავლებელი მეოთხე კლასიდან მიატოვებინა. მერე თბილისის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. მოსკოვში გამგზავრება და ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლის დამთავრება მაინც შეძლო.
მან მაინც მოახერხა ევროპაში განსწავლა _ პარიზის კერძო აკადემიაში შესვლა. მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი.
მისი ცნობილი ნამუშევრებია: `სოფლის კანცელარიასთან `დაბალი ღობე”, `კალოზე”, `გზაჯვარედინზე”. მისი წიგნის მხატვრობა ამშვენებს იაკობ გოგებაშვილის `დედაენასა” და `ბუნების კარს”, მაშინდელ საყმაწვილო ჟურნალებს _ `ჯეჯლსა” და `ნაკადულს”.
მოსე თოიძე (1871_1953)
თვალსაჩინო ქართველი რეალისტი მხატვარი... დაიბადა თბილისელი ხელოსნის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. დედა ქარგავდა, ქსოვდა ნოხებსა და ხალიჩებს და პატარა მოსეს ხელოვნების ინტერესი ბავშვობაშივე გაუჩნდა.
მოსე თოიძე ჟურნალ `კვალის” პირველი მხატვარი იყო. `კვალის” პერიოდში დახატა ილუსტრაციების სერია _ `ყეენობა”, `ბერიკაობა”, ქართველ მწერალთა (რუსთაველი, ილია, აკაკი, ალ. ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილი) პორტრეტები.
სახსარი არ გააჩნდა, მაგრამ პეტერბურგში გაემგზავრა და სამხატვრო აკადემიაში შესვლა გადაწყვიტა. გამოცდაზე ჩაიჭრა _ განსწავლულობა არ ეყო. მაგრამ არ დაიბნა _ თავისი ეტიუდები ილია რეპინს (მაშინ უკვე ცნობილ რუს მხატვარს) წაუღო. მან ახალგაზრდა მხატვრის მიმართ ყურადღება გამოიჩინა _ აკადემიის მდივნის სახელზე დაწერილი ბარათი მისცა, სადაც მდივანს სთხოვდა, მოსე თოიძე აკადემიაში თავისუფალ მსმენელად მიეღო. მიიღეს. რეპინმა ის დაიახლოვა და თავისი სურათების ასლების გაკეთების უფლება მისცს, რათა ამით თავი ერჩინა. მოსე თოიძის იმდროინდელ სურათებს (`მოხუცი ებრაელის პორტრეტი”, `მზარეული:) რეპინის დიდი გავლენა ეტყობა.
პეტერბურგში ყოფნისას დახატა ცნობილი სურათი _ `მცხეთობა” (1900-1901) რომელიც გვიან, 30-იან წლებში ორჯერ გადააკეთა (როცა ხატვის საკუთარი მანერა შეიმუშავა) _ სახალხო ზეიმის განწყობით განმსჭვალა თავისი ძველი ნამუშევარი.
საქართველოში რომ დაბრუნდა, ხატვის მასწავლებლობა დაიწყო. თან ხატავდა. 1915 წელს დიდი გამოფენა მოაწყო.
ცნობილი სურათებია: `მოხუცი ებრაელის პორტრეტი”, `მრეცხავი ქალი”, `მზარეული ქალი”, `მცხეთობა” და სხვა.
1922 წელს დაარსა სამხატვრო სკოლა, რომელმაც ათი წელი იარსება და მხატვართა ახალგაზრდა თაობის აღზრდაში დიდი როლი შეასრულა.
როგორც ითქვა, ზემონახსენები მხატვრები _ რუსეთში განსწსვლულნი და სინამდვილის ამსახველნი _ რეალისტური მიმდინარეობის მხატვრები იყვნენ. ევროპა მათაც მოიარეს, მაგრამ `სოციალისტური რეალიზმის” ლოზუნგის ხანაში, `ფორმალიზმის” გმობის წლებში მათი ნიჭიერება ერთგვარად შეიზღუდა. თუმც, ამ მხატვართა რეალიზმი ეროვნულ თემატიკას და ეროვნულ საფუძველს ემყარებოდა. ამიტომ მათი შემოქმედების სულისკვეთებაც ეროვნული იყო. ეს კი უთუოდ მთავარია და მნიშვნელოვანი
ქართველი მხატვრების შემდგომმა თაობამ მეტი ტავისუფალი ნება გამომაჟღავნა. ამის გამო მათე ხელოვნებაც უფრო თავისუფალი იყო, უფრო ღრმა და საინტერესო (დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, შალვა ქიქიოძე და სხვები). ესენი ევროპული აზროვნების მხატვრები იყვნენ. მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს `სოციალისტური რეალიზმის” ლოზუნგს ` `ფორმალიზმით” ცილისწამებას, თუმც, ამას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. მათ ქართული ხელოვნება ახალ გზაზე გაიყვანეს და საყოველთაო აღიარება მოიპოვეს ჩვენშიც და დასავლეთშიც.
თვალი გადავავლოთ ამ თაობის სამი მხატვრის შემოქმედებას:
დავით კაკაბაძე (1889-1952)
ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში სიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ბუნებისმეტყველების განხრით. იმავე წლებში მეცადინეობდა მხატვარ დიმიტროვ-კავკაზსკის სახელოსნოში და გაეცნო რუსული და დასავლეთ ევროპული მხატვრობის უახლოეს მიმდინარეობებსა და დაჯგუფებებს. იმ წლებში, სულ ახალგაზრდამ _ 24-28 წლის ასაკში შექმნა თავისი საყოველთაოდ ცნობილი შედევრები: `ავტოპორტრეტი სარკესთან” და ავტოპორტრეტი ბროწეულებით” 1913 წელს, `ავტოპორტრეტი რუხი ხალათით” _ 1917 წელს. 1917-1919 წლებში საქართველოში იყო. მაშინ დახატა `იმერული პეიზაჟების” პირველი ნიმუშები, დიდებული `იმერეთი _ დედაჩემი” და `იმერული ნატურმორტი”.
1919 წელს (საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დროს) ლადო გუდიაშვილთან ერთად პარიზში გაგზავნეს მხატვრობის დასაუფლებლად. მათ იქ თითქმის ათი წელი დაჰყვეს. იმ წლებში შექმნა `ბრეტანის ციკლის” აკვარელები, პარიზის ჩანახატები, სურათები _ `წურბელების გამყიდველი”, `ბანანების გამყიდველი”. პარიზშივე დავითი დაუახლოვდა აბსტრაქციული მხატვრობის მიმდევარ მხატვართა ჯგუფს. შექმნა ბრწყინვალე კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიციები.
დავით კაკაბაძე სამშობლოში დაბრუნდა 1927 წელს. მან გააგრძელა `იმერული პეიზაჟების” სერია. იმ წლებში შექმნა უბრწყინვალესი `იმერეთი _ `წითელი მთა”, `ყვითელი მთა”. თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი სახელობის თეატრთან, რუსთაველისა და ოპერისა და ბალეტის თეატრებთანაც.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სურათით (`სვანეთი _ მადნის დამუშავება” (1949), `ფოთი-ელევატორი” (1949), `მიტინგი იმერეთში” _ 1942წ.) ხარკი მოუხადა `სოციალისტური რეალიზმის” ერთგულ დამცველებს, `ფორმალიზმით” ცილისწამებას და ცილისმწამებელთა რეპრესიებს დიდი მხატვარი დავით კაკაბაძე ვერ გადაურჩა. `ფორმალიზმის” მომიზეზებით სამხატვრო აკადემიას ჩამოაშორეს, მხატვართა კავშირიდან გარიცხეს, სურათების გამოფენა აუკრძალეს. ბოლოს მხატვართა საწყობის გამგეობა უწყალობეს, ამით ირჩენდა თავს და არჩენდა ოჯახს. მალე გარდაიცვალა კიდეც (1952წელს) _ შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ თავის ქვეყანას და თავის ხალხს დიდი შემოქმედება დაუტოვა მარადიული განძის სახით.
ელენე ახვლედიანი (1901-1975)
ელენე ახვლედიანის შემოქმედების პირველი თემა და პირველი სიყვარული ზამთარი და ზამთრის პოეზიაა. ამით დაიწყო და ბოლომდე უმღეროდა თოვლის სიწმინდეს. მაგრამ ელენე ახვლედიანისაა გაზაფხული და შემოდგომაც _ განწყობათა ათასგვარი ვარიაციით. გამჭირვალე ჰაეროვანი გაზაფხული, მისი ახალგაზრდობის პარიზის გაზაფხული, თბილისის, თელავის და მთელი საქართველოს გაზაფხული. . . გაზაფხული და აპრილი.ელენე ახვლედიანი არილშია დაბადებული, 18 აპრილს. თელავში დაიბადა. ამიტომ ძალიან უყვარდა კახეთი და კახეთის ხატვა _ თელავის, სიღნაღის... ხატვა ბავშვობიდანვე უყვარდა, მაგრამ ბევრს არ ხატავდა, უფრო თავის და-ძმებთან თამაშით ერთობოდა. მეორე კლასში რომ იყო, ოჯახი თბილისში გადასახლდა. გიმნაზიაში სწავლობდა. საღამოობით კი სკლიფასოვსკის სამხატვრო სკოლაში დადიოდა და ხატავდა. როცა თბილისში სამხატვრო აკადემია გაიხსნა, აკადემიაში გააგრძელა სწავლა _ გიგო გაბაშვილის კლასში.
1922 წელს აკადემიამ, როგორც ტავისი სტიპენდიანტი, პარიზში გააგზავნა. სწავლობდა კოლაროსის აკადემიაში. მოიარა იტალია და საფრანგეთი. მაშინ იქ იყვნენ ახალგაზრდა დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთო მაღალაშვილი. მათ ერთად შეინარჩუნეს თავისთავადობა, ინდივიდუალობა, თავიანთი ქვეყნის განცდა, რამაც საინტერესო გახადა მათი შემოქმედება. ელენე ახვლედიანმა პარიზში პერსონალური გამოფენაც გამართა, მიიწვიეს ჰოლანდიაში საკუთარი გამოფენის მოსაწყობად, მისი 11 ნამუშევარი გაიგზავნა ნიუ-იორკში და ყველა გაიყიდა.
თბილისში 1927 წელს დაბრუნდა. მისი გამოფენები მოეწყო თბილისში, ქუთაისში, თელავში. ამას მოჰყვა კოტე მარჯანიშვილის დაინტერესება და მას შემდეგ აქტიური თანამშრომლობა თეატრთან. თბილისელებს დღესაც ახსოვთ მის მიერ გაფორმებული სპექტაკლი _ `მზის დაბნელება საქართველოში”.
ცნობილია ელენე ახვლედიანის წიგნის გრაფიკა: მერკ ტვენის `ტომ სოიერის თავგადასავალი”, ლონგფელოს `ჰაიავათას სიმღერა”, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, ილია ჭავჭავაძის პოემები.
მაგრამ დავუბრუნდეთ ელენე ახვლედიანის მშვენიერ ზამთრებსა და გაზაფხულებს.
ამ სურათების ნახვა დღესაც შეიძლება Qქიაჩელის ქუჩაზე #12-ში, ელენე ახვლედიანის მუზეუმად ქცეულ ულამაზეს სახელოსნოში. აქ არის მისი დახატული პეიზაჟები _ ქართლი, კახეთი, თელავისა და სიღნაღის ქუჩები, უჯარმის შემოდგომა, შატილი და გუდამაყარი, იმერეთის ნაზი და რბილი ფერადოვნება... აქ არის მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის სურნელი.
პეიზაჟის დიდი ოსტატის მთავარი თემა და პირველი სიყვარული ზამთარი დსა ზამთრის პოეზიაა... უფრო ღრმად კი უპირველესი თემაც მოჩანს _ თბილისი და მისი ძველი უბნების სევდა. ეს სევდა სხვა იყო და მეტს გვულისხმობდა, ვიდრე პეიზაჟს... თუმც, ელენე ახვლედიანის ყველა პეიზაჟი მეტს გულისხმობს.
` _ ესტონელებმა ხომ შეძლეს და ხელუხლებლად შეინარჩუნეს თავიანთი ქალაქი! ჩვენ კი ჩვენს ქალაქს ვამახინჯებთ! თბილისს თავისი კოლორიტი, თავისი იერი ეკარგება, სხვა ქალაქებს ემსგავსება! მომავალი თაობები გვაპატიებენ?” _ ამას თურმე ყველას ეუბნებოდა, ყველას შესჩიოდა.
ჩვენ კი სულ უნდა გვახსოვდეს იმ ძველი სევდით შეპყრობილი დიდი მხატვარი, დიდი ხელოვანი _ ელენე ახვლედიანი.
ლადო გუდიაშვილი (1896-1980)
ლადო ადრეული ბავშვობიდან ხატავდა. მის თვალწინ ძველი თბილისი იყო, ძველი თბილისის პოეტური სილამაზე, რაც სიყრმითვე შთაგონებად ექცა.
სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1914 წელს 18 წლის ლადო გუდიაშვილმა ხატვის მასწავლებლობა დაიწყო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.
მომდევნო წლებში ლადო გუდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო `ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” სამ უმნიშვნელოვანეს ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის XV საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში, ამის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციაში, 1917 წელს კი სამხრეთ საქართველოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების _ ოშკის, ხახულის, იშხნის, არხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა.
ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ მოეწყო გამოფენა, საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რათა ისინი დაოსტატების მიზნით გაგეგზავნათ პარიზში. გადაწყდა გაეგზავნათ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი. მოგვიანებით მათ შეუერთდა ქეთევან მაღალაშვილიც. მათი შემოქმედების ინდივიდუალიზმმა იქაურ ხელოვანთა წრეების ყურადღება დაიმსახურა.
პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მალევე დადგა 1937 წელი და ეს საშინელება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მთელს სსრკ-ში `სოციალისტური რეალიზმის” დროშა ფრიალებდა, რაც ტავისუფალი ხელოვნებისა და ხელოვანთათვის მიუღებელი უყო.
უმძიმდა ლადო გუდიაშვილსაც. უმძიმდა გაძევება სამხატვრო აკადემიიდან,თითქმის დევნა, გაჭირვება და სიდუხჭირე... გარიყეს და გაინაპირეს. მაგრამ სასწაულებრივი ნებისყოფა და მოთმინება გამოიჩინა, არ დაუკარგავს რწმენა და შექმნა სასწაულებრივი მხატვრული სამყარო (`ფრესკის ღიმილი”, `ფერია რიწა”, `არმაზის აკლდამიდან”, `სერაფიტას გასეირნება”, `ცეკვა ციბრუტი”, `დევთა მაყრობა”, `ფიროსმანის პორტრეტი”, `გაზაფხული”, `ავტოპორტრეტი”, `ვეფხისტყაოსნის” და სულხან-საბა ორბელიანის `სიბრძნე-სიცრუისას” ილუსტრაციები და სხვა.
უქმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ქაშვეთის საკურთხევლის მოსახატადაც მიიწვია. დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა, მხოლოდ ორი ადამიანი ეხმარებოდა და ცხრა თვეში მოათავა. ეს იყო 1947 წელი.
1957 წელის მაისში სამხატვრო გალერეის მძიმე კარი საზოგადოების თვალწინ მოულოდნელად გაიღო და მან ლადო გუდიაშვილის სურათების გრანდიოზული გამოფენა იხილა.
თურმე გამოფენის გახსნის წინა დღეს გამოფენა კინაღამ მოხსნეს, მაგრამ მაშინდელმა ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტობამ იმარჯვა. ძლით შეამტვრიეს გალერეის კარი და მათ დამთვალიერებლებიც შეჰყვნენ (მხატვარ ლევან ცუცქირიძის ნაამბობი).
ამ გამოფენას მოჰყვა ლადო გუდიაშვილის საყოველთაო აღიარება და სიყვარული.
`...საკუთარმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ კეთილს ძალიან ხშირად გვერდიგვერდ მისდევს ბოროტება, როგორც კარგი მეგობრები, ისე დადიან ქვეყნად. რა დასამალია და ზოგჯერ ბოროტი სჯობნის სიკეთეს”... _ გვეუბნება ლადო გუდიაშვილი `მოგონებათა წიგნში”.
ლადო გუდიაშვილის თაობის მხატვართა დამსახურება ისიც არის, რომ მათ დიდი ღვაწლი გასწიეს მხატვართა შემდგომი თაობის, ეგრედ წოდებულ `ორმოცდაათიანელთა” თაობის (თავიანთი მოწაფეების _ ედმუნდ კალანდაძის, ირაკლი და გიორგი ოჩიაურების, მერაბ და ელგჯა ბერძენიშვილების, ლევან ცუცქირიძის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ ნიჟარაძის, თენგიზ მირზაშვილის, ვახტანგ ონიანის, დიმიტრი ერისთავის, ბელა ბერძენიშვილის და სხვების) მხატვრების აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. დღეს მათი შემოქმედება ამშვენებს საქართველოს.
ახლა უკვე ისინი არიან ქართული სახვითი ხელოვნების ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო წარმომადგენლები, ახალ თაობებსაც ისინი ზრდიან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment